14 იანვარი

მოვიდა მცხეთას… გაიშალა მინდორში თმები
და ძველ ღმერთებმა სასწაული დიდი იხილეს:
დაღამდა დილა… იძრა მიწა, შეირყა მთები
და ვაზის ჯვარით დუჩლუნგა პირი მახვილებს.

სიონში დღესაც ვხედავ დედებს სევდით მოხრილებს.
წმინდანისაგან მოელიან სასწაულს დები…
ძმების საფლავებს ვერ დავადნეთ მძიმე ლოდები
და მათი სისხლი წყაროებათ დასდის ბნელ თხრილებს.

დე, გმირთა გვამებს ერი ფარად გადაეფინოს!
გწყალობდეთ ხმალი დავითისა და ჯვარი ნინოს!
თქვენ კი, უღირსნო, რომ გახვიეთ დედა შავებში,
აკვანს ნუ არწევთ მშობელთ სისხლში გასვრილ ხელებით,
თორემ ყოველი ღერი თმისა სქელ ნაწნავებში
გადმოეშვება ნინოს ჯვარზე ბასრ მახვილებათ.

სხვადასხვა

“ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი,
ერის ბრწყინვალე მომავლით მსურს გავიხარო.
თუ საქართველო არ ინქნება თავისუფალი,
დე, მტვრად ქცეულიც დამენახოს მთელი სამყარო!”

* * *

“თუ გამარჯვება არ არსებობს სისხლის გარეშე,
მხოლოდ სისხლისთვის გიხმობთ ჩემი ბუკი-ნაღარა,
ისე არ ჩავალ, ცით მოსული, ბნელ სამარეში,
თუ არ შევღებე მტრების სისხლით ჩემი ჭაღარა”

* * *

“შენი ალვის ხე იზრდება
გურიის ცენტრში მცინარი,
აბჯარ-ასხმული ვაჟკაცი –
განთიადისკენ მზირალი.

ისე გიმსხვერპლა საწუთრომ,
დრო ვერ იხილე მზიანი,
სიკვდილს სამშობლო არა აქვს,
სამშობლო – სიკვდილი არი!”

შეფიცულებს

თქვენ ამბობთ: “მოკვდა! მივაბარეთ დღეს უცხო მიწას.
არ გვყავს ქაუცა, დაგვიობლდა შეფიცულთ კერა:.
შეფიცულებო, ნუ ქვითინებთ, თქვენ თავსა ვფიცავ,
ეს ტყუილია, არ მომკვდარა, მე ეს არ მჯერა.
არ დაიჯეროთ, რომ დაჭრილი ვაჟას არწივი
გამოესალმა მთის მწვერვალებს დღეს სამუდამოდ,
რომ მის მაგიერ ფრთებს ზედ დადეს ლოდები ცივი,
არ დაიჯეროთ ტყუილია, მტერს არ აამოთ.
მე ამას ვამბობ და ეს მჯერა. ვამბობ, იცით რას?
დაჭრილმა მკერდში, დაქანცულმა ბოლოს ინება
ნაბადის გაშლა რბილ მწვანეზე დიდ მუხის ძირას
და…
… მიძინება.
და სძინავს, სძინავს მეფურ ძილით საყვარელ ბელადს…
ჩუმად… ნუ სტირით… მოვასვენოთ გუშაგი ერის…

ბატონიშვილს

ჩავაგეთ ხმლები… შეგვირიგდა ანჩხლი ირანი…
კრწანისის ველმაც დაივიწყა ბუკი, ნაღარა
და ძმობის ნიშნად გადაფურცლა მოლამ ყურანი,
ისკანდერ მირზას როცა მიწა გადაეყარა.

შუაღამისას ესტუმრება საფლავს ყორანი,
საქართველოში ვაჟკაცს სისხლით რო გამაძღარა
და სეკაზმული დასჭიხვინებს თავზე მერანი…
– ბატონიშვილო, აღარ გარგებს ძილი, აღარა! –

პასუხს არ იღებს არც სამარე, არც თეჰერანი
დღეს ქუდმოხდილი, გარიყული, მუნჯი, ვერანი.
– ბატონიშვილო! ჩრდილოეთით მოსულ ავდარში,
გაშავდა ჯვარი, დაიჟანგა და მოიხარა
და შენი ხმალი მოქნეული, გადატყდა ტარში…
– ბატონიშვილო, აღარ გარგებს ძილი, აღარა!

თეთრ გიორგნელთა სიმღერა

ჩვენ მოვევლინეთ საქართველოს განწირულ დროში,
მიგვიღო ზეცამ, მაგრამ მიწა გვეძახის გერებს.
მოვდივართ მწყობრივ ბნელ ღამეში გიორგის დროშით.
დავგმეთ წითელი და ვადიდებთ წარსულის ფერებს…

მივდივართ ქარში, მძიმე მარშით, გამართულ ფეხით
და გვჯერა მთვარე ვერ წაშლიდა მთებში მზის ნავალს.
ჩვენს მიწა-წყალზე გავივლით მეხით,
რომ გავუკაფოთ გზები მომავალს!

სიყვარული ჩრდილოეთში

შენ გიყვარს ცაცხვი, მე – დიდი მუხა.
შენ – მკრთალი ნისლი, მე – დღე ნათელი.
შენ გიყვარს ზეცამ თუ დაიქუხა
და სველი ბაღი წვიმით ნათელი.

მე მზეს ვიცქერი, შენ – ჩამქრალ მთვარეს.
მე მიყვარს სიცხე, თხელი მანდილი;
შენ კი მთელი ტყე შემოიარე,
ჩრდილს დაეძებდი ხის ქვეშ ამ დილით.

იყო საღამო, დღის ლურჯი სახე…
ქუჩებში ყვითელ ფოთლების დარდი…
და ეხლა ვნანობ, რად დავინახე,
თუ მზით არ სცოცხლობ, რად შემიყვარდი?

გადაეფინა ყინული არხებს…
დროც გაიყინა… ეთერს არ ველი.
ვგრძნობ მაღალ კოშკში გული დავმარხე,
სად ჩრდილოეთი და სად ქართველი?

* * *

და თუმცა აოხრებულს, მიგდებულს ობლად
ჩვენ, სამარცხვინოთ, ბინძურ ქუსლის ნაკვალი აზის,
მე მჯერა, რომ მომავალს სანუგეშებლად
მოევლინება თამარის მზე და ჯვარი ვაზის.

გამოეშლება მოთმინების მკვირცხლი ჩახმახი,
(წინაპართ აჩრდილთ ჩრდილოეთის ქარი აჯავრებს).
წამოიჭრება საფლავიდან პატარა კახი,
იშიშვლებს მახვილს და დარაზმავს საომრად ჯარებს!

თეთრი ხომალდი

თეთრი ხომალდი, დატვირთული ნორჩ იმედებით,
მოშორდა ნაპირს, დიდ წინაპართ წმინდა საფლავებს.
გზებს გვიქარგავდა ოკეანე ლურჯ ხავერდებით
და ცივ ზვირთებში გვინათებდა ზეცა ვარსკვლავებს.

მივქროდით ზღვებზე უდარდელნი, და თეთრ ხომალდით
მიგვქონდა რწმენა დაუშრეტი, ახალგაზრდული;
წინ მიგვიძღოდა ჩვენ წარსულის ამაყი ლანდი,
გადმონასროლი საუკუნეთ მწვანე შურდულით.

* * *

წარსულს ჭრილობა ბევრგან ატყვია…
მე, მახსოვს, ზვირთებს დავადე ყური;
მესმოდა: თბილისს ვესროლეთ ტყვია
და დავუარეთ შემდეგ ლეკური.

ზვირთები მიჰყავთ თმაგაშლილ ქარებს;
დიდი მინდორი ზღვას ვანაცვალე.
გამხმარ თითებში ძვირფას სიგარებს
აბოლებს დინჯი მამინაცვალი…

სამშობლო უცხოეთში

პირველი თოვლი დაეცა ქუჩებს.
პირველი თოვლი მე მომაგონებს
მიცვალებულის გაყინულ ტუჩებს
და თეთრ კაბაში მორთულ გოგონებს.

როცა წარსული გარდაიცვალა,
თეთრი კაბები შევღებე შავად
და ავიყვანე ავი მენავე
უცხო ქვეყნებში მამინაცვალად.

და ყოველ დილით, მძიმე საყვირი
და ხმა მენავის მომიტანს ცრემლებს,
რომ შორს დავტოვე მწვანე ნაპირი,
რომ სამუდამოდ ვტოვებ ნაცნობებს.

ბრმა კაცი

მე ვარ ბრმა კაცი, თვალები მტკივა,
შორეულ მთებში მზე ჩავა მალე,
და ჩემთვის ვამბობ, რომ ცა ლურჯია,-
ასე ვატყუებ საკუთარ თვალებს.

ისევ მზის ცეცხლი გულში ჩაიდნობს
უმზეო თვალთა მინას—მინანქარს,
მე ვარ ბრმა კაცი, მაგრამ ნუ დარდობ,-
როცა შენ მოხვალ მე დაგინახავ.

შორეულ მთებში, დღეთა დუმილში,
ცას ეფინება ფრინველთა გზები,
და თვალებს ტკივილს გაუფანტავენ
ჩემი ოცნების მწუხარე ფრთები.

თვალებს ამ გრძნობამ მზე დაანახა,
ო, როგორ ჰგავდა ბედნიერებას!..
და როცა ვიგრძნობ, რომ შენ აქა ხარ,
დავიწყებ შენი თმების ფერებას.

და მოგატყუებ, რომ ვხედავ ისევ
შენს ოქროს თმებში დარჩენილ ყვავილს,
შენს მოკამკამე, პატარა თითებს,
და გვირილების გვირგვინებს დაშლილს.

და როცა მთებში მზის წითელ სხივებს
საღამოს ბინდი მოაიავებს,
ასე იტყვიან, რომ ვიღაც კაცი
ეფერებოდა გამჭვირვალ ჰაერს…

ისევ მზის ცეცხლი გულში ჩაიდნობს
უმზეო თვალთა მინას—მინანქარს,
მე ვარ ბრმა კაცი, მაგრამ ნუ დარდობ,-
როცა შენ მოხვალ, მე დაგინახავ.

ჯგუფი – “ზღვარი”
გიორგი ზუხბაია

წერილი საიდუმლო დედას

This is my letter to the World
That never wrote to Me
The simple News…

ემილი დიკინსონი

ისევ იმ ძველი სიყვარულით და იმ ძველივე
ერთგულებით გესალმები. წლების მანძილზე
არ გწერდი, რადგან იყო ეჭვი, რომ ჩემს წერილებს
ვიღაც კითხულობს. ალბათ არც ისე
საფუძვლიანი იყო ეჭვი, ალბათ თვითონვე
გამოვუგონე იგი ჩემს თავს, ხვდები, რატომაც.
რათა დროებით დაგმალვოდი. იმედს ვიტოვებ,
რომ მაპატიებ ამ სისუსტეს. ყველამ დამტოვა.

* * *

„ყველამ დამტოვა“ ტყუილია და ეს ნათქვამი
მიიღე, როგორც ნივთმტკიცება ჩემი ბინძური
უმადურობის; ერთადერთის, რაც მაიძულებს
ვწერო ლექსები. ყველა მათგანი
– ვგულისხმობ ლექსებს – არ შეიცავს თუმცა ოცნებას
ან იმას, რასაც ანდაზაში გულისხმობს ხავსი,
მე მაინც მიყვარს მათი წერა: როცა მოძვრება
გულიდან რაღაც, გარეგნულად – ტკივილის მსგავსი.
ოღონდ ხაზს ვუსვამ, გარეგნულად! საერთოდ, არსი
დღეს უკვე არის არა სიღრმე, არამედ გარსი.
რაც ლამაზია, ყველაფერი არ იკოცნება.
შესაბამისად, მეც მრჩება შანსი
გავხდე მორწმუნე. თუნდაც მხოლოდ ლექსის ფარგლებში.
და მე ამ შანსით ვისარგებლებ. ახლა ადრეა.
რწმენა მოიცდის, მირჩევნია ფეხის ათრევა.
თუ თვლი, რომ მსგავსი მკრეხელობა არ მეკადრება,
მაშინ სხვანაირ ცხოვრებაში უნდა გაგეშვი. Continue reading